სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის მარნეულის მუნიციპალიტეტში[1], მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე შულავრის (ხრამის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 1070 მეტრზე, მარნეულიდან დაშორებულია 50 კილომეტრით.
სოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხე. ნაგებია საშუალო ზომის კვადრების სწორი რიგებით. შემოზღუდულია მრგვალკოშკებიანი გალავნით. ციხის ტერიტორიაზე განლაგებულია ნაგებობათა კომპლექსი, რომელსაც დაჰყურებს ციტადელი — ფეოდალური რეზიდენცია. ოფრეთის მიდამოებშია ადრინდელი ფეოდალური ხანის ნალისებრაფსიდიანი მცირე ეკლესია.